პოსტმოდერნისტული დისკურსი აკა მორჩილაძის ,,მადათოვის ციკლის“ მოთხრობების მიხედვით
Main Article Content
ანოტაცია
პოსტმოდერნიზმის, როგორც უახლესი ლიტერატურული მიმდინარეობის, წარმოშობას უკავშირებენ სულიერ კრიზისს,რის შედეგადაც ინდივიდუალური სტილი იჩრდილება და წინა პლანზე გამოდის შეხედულებათა პლურალიზმი. განსხვავებულ მოსაზრებათა თანაარსებობა და თანამედროვე დემოკრატიული აზროვნების გადმოცემა მოითხოვს სტილებისა და ჟანრების განურჩევლობას; იქმნება
„ორმაგი კოდირების“ თხზულებები, რომლებშიც შერწყმულია ნოვატორული და ტრადიციული. ისინი განკუთვნილია როგორც მასობრივი, ისე ელიტარული მკითხველისთვის.
განსაკუთრებით საინტერესოა ქართული პოსტმოდერნიზმის შესწავლა. პოსტმოდერნისტული ესთეტიკა ქართულმა კულტურამ გვიან შეითვისა, მაგრამ მას კარგი ნიადაგი დახვდა,რადგან XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში კრიზისმა კულმინაციას მიაღწია. არსებობს თვალსაზრისი, რომ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიტერატურათაგან ყველაზე ადრე ქართულ მწერლობაში, XX საუკუნის 60-იანელთა შემოქმედებაში დაფიქსირდა. უმრავლესობის აზრით კი, პოსტმოდერნისტული ტენდენციები იკვეთება 90-იანი წლების ლიტერატურაში. ამ მხრივ მეტად საინტერესოა აკა მორჩილაძის შემოქმედება. მანამდე ქართული ლიტერატურული კრიტიკა სიახლისადმი ტრადიციულ სიფრთხილეს იჩენდა. „ორმაგი კოდირების“ საუკეთესო მაგალითია თავად მწერალი, რომელიც ერთდროულად არის ავტორიც და ისტორიკოსიც, ლექტორიც და სპორტის მიმომხილველ-ჟურნალისტიც. მეორე მხრივ, მწერალი
თავისივე „ბრჭყვიალა“ მხატვრული სამყაროს თანამონაწილე, თანაავტორი და მკითხველიცაა. მისივე ირონია და საკუთარი ინტერპრეტაციები მკითხველის თვისება უფროა, ვიდრე - მწერლისა. პოსტმოდერნისტულია XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის მხატვრული პროზის სტილის გვერდით სკაბრეზული ლექსიკისა და სოციოლექტის გამოყენებაც. რომანი „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ თავები განსხვავებული სოციოლექტითაა დაწერილი. შესაბამისად, დისკურსი მრავალფეროვანია. აქ ერთდროულად არის გასული საუკუნეების სტილიც, მანერაც და სალაპარაკო ენაც.
აკა მორჩილაძის, როგორც პოსტმოდერნისტი მწერლის, დისკურსი ინტერდისციპლინური კვლევის საგანია. მან უნდა გამოავლინოს ქართული ეროვნული ნიშნებიც და ინდივიდუალურიც, ყურადღებას იპყრობს მისეული დისკურსის დინამიკური ხასიათიც.