ილია ჭავჭავაძე: ეროვნული ფიგურა როგორც მეხსიერების ადგილი
Main Article Content
ანოტაცია
ილია ჭავჭავაძე გამორჩეულად დადებითი ფიგურაა, ქართული საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტისთვის. როგორც ფართო საზოგადოებრივ დონეზე, ასევე ინტელექტუალურ წრეებში, ბევრს საუბრობენ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, თუმცა ილია ჭავჭავაძის მიმართ ეს საყოველთაო პოზიტიური დამოკიდებულება არ არის საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველი.
ჯგუფებს, რომელთათვისაც ილია საკულტო მოღვაწეა, სრულიად განსხვავებული ხედვები აქვთ საქართველოს სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ერის მშენებლობის ფორმები, საზოგადოების განვითარების მოდელები და მიმართულებები, საგარეო-პოლიტიკური კურსი და სხვა.მეხსიერების კვლევების პერსპექტივიდან ილია ჭავჭავაძის ფენომენის შესწავლა იმ მხრივაც არის
საინტერესო, რომ მისი სახელი ერთ-ერთი ყველაზე მანიპულირებადია საქართველოს უახლეს ისტორიაში. მისადმი დამოკიდებულება რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად. კვლევის მიზანია ილია ჭავჭავაძის, როგორც ქართული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურის მიმართ დამოკიდებულების ცვლილების ძირითადი ეტაპების და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი.