ჟურნალი „ერი” და რუსული პოლიტიკა

Main Article Content

მაკა დოლიძე
ნარგიზა კანკია

ანოტაცია

1909 წლის 13 სექტემბერს „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საიდუმლო ჯგუფმა” გამოსცა პოლიტიკური, ლიტერატურული და მეცნიერული ჟურნალი „ერი”, რომელმაც ენერგიული ბრძოლა გააჩაღა ხალხის ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის.


„ერი” იყო მკვეთრად გამოკვეთილი ეროვნული მიმართულების ჟურნალი, რომლის რედაქტორი იყო პეტრე სურგულაძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: აკაკი, ვაჟა, კიტა აბაშიძე, ალ. ყიფშიძე (ფრონელი), ნ.ლორთქიფანიძე, ზ.ედილაშვილი(ედილი), ალ.შანშიაშვილი და სხვ.


მიუხედავად ცენზურის სისასტიკისა ჟურნალი მაინც ახერხებდა ბრძოლას რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, ქართული ენისა და ერის დაცვას. ჟურნალში გამოქვეყნებულ თითოეულ წერილსა თუ სტატიას ემჩნევა ეროვნული სულისკვეთება. ჟურნალის რედაქცია ცდილობდა საზოგადოების გამოფხიზლებას. კარგად ესმოდა, რომ რუსიფიკატორული პოლიტიკა აბრკოლებდა ქართული ენისა და კულტურის განვითარებას და ცდილობდა ქართველი ხალხის გადაგვარების გზაზე დაყენებას, მათი სარწმუნოების შებილწვას, იბრძოდა ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ, სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდა და ამით ხელს უწყობდა მათ შორის შუღლისა და მტრობის გაღვივებას.


ჟურნალი მოუწოდებდა საზოგადოებას მშობლური ენის დასაცავად. პუბლიცისტებმა იცოდნენ, რომ ენის დაძაბუნება ხალხის დაძაბუნებას, მის სულიერ დაქვეითებას გამოიწვევდა და ამიტომაც თითოეულ პუბლიკაციაში გაჟღერებული იყო ის აზრი, რომ სამშობლო ენას თავიდანვე უნდა პატრონობა, იგი სათუთი არსებაა და განსაკუთრებულ ყურადღებას და შველას მოითხოვდა.


ჟურნალის პუბლიცისტიკა მრავალფეროვანია. ეხება სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, ისტორიულ და იმ პერიოდის თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს.


ისე, როგორც იმ დროს გამომავალი ყველა დემოკრატიული გაზეთი და ჟურნალი, რომელიც ხალხის ინტერესებისათვის იბრძოდა, ჟურნალი „ერიც“ ვერ გადაურჩა ცარიზმის დევნას და 1909 წლის 20 ოქტომბერს, მეორე ნომრის გამოსვლის შემდეგ ჟურნალი დახურეს და თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებებით.მხოლოდ1910 წელს შეძლო პეტრე სურგულაძემ ჟურნალ „ერის ‘’ აღდგენა.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, რუსეთი, პოლიტიკა, პრესა, პუბლიცისტიკა
გამოქვეყნებული: Nov 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
მასობრივი კომუნიკაცია