დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში: მდგომარეობა და პერსპექტივები
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია თანამედროვე მედიაკვლევების სფეროში გამორჩეულად აქტუალური დეზინფორმაციის კონცეფცია. შესწავლილია მისი როლი და ადგილი მასმედიის დისკურსში ე.წ. პოსტ-ჭეშმარიტების ეპოქის კონტექსტში, სადაც სიმართლესა და სიცრუეს შორის ზღვრები ბუნდოვანია, მზარდია საზოგადოებაში გაურკვევლობის ხარისხი; ობიექტურ ფაქტებს კი სუბიექტური შეფასებები და მოსაზრებები ცვლის.
ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია გაგებულია, როგორც ყალბი ინფორმაციის შეგნებულად გადაცემა ზიანის მიტანის მიზნით. დეზინფორმატორი ხელმძღვანელობს განზრახვით - შეცდომაში შეიყვანოს ადრესატი და, მანიპულირების მიზნით მოახდინოს დეზინფორმაციული ეფექტი სხვადასხვა ლინგვისტური საშუალებებით.
ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა პოსტ-სიმართლის ეპოქისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ყველაზე ტიპური ნარატივი.
ნაშრომის ჰიპოთეზაცა და შედეგებიც უკავშირდება სოციალურ ქსელებში მანიპულირების მექანიზმს, რაც კიდევ უფრო დესტრუქციული ხდება, როცა „იმოსება“ მითებითა და ემოციებით, მედიამომხმარებლის განწყობების ცვლილებით და რეალობას სულ უფრო შორდება.
ანსაკუთრებით სახიფათოა დეზინფორმაცია, თუ იგი, ერთი შეხედვით, უწყინარ მედიანაკადშია „ჩაკარგული“, სადაც შეუიარაღებელი თვალით სიმართლისა და პროპაგანდის გარჩევა ჭირს.
ნაშრომში ასევე განხილულია ე.წ. საინფორმაციო ხმაურის თავისებურებები. დეზინფორმაცია, ცხადია, ინფორმაციული ხმაურის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მისი გავრცელება ყოველთვის გარკვეულ მიზანს ემსახურება, ხოლო ხმაური, როგორც წესი, საბაბისა და მიზეზის გარეშე ავსებს საინფორმაციო სივრცეს და უკონტროლო ნაკადები საინფორმაციო ველის დაბინძურებას იწვევს.