ფემიციდი საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
ეს ნაშრომი აანალიზებს ფემიციდის პრობლემას საქართველოში. კვლევა მიმოიხილავს და აღწერს ფემიციდის გავრცელებას, მის ფორმებს, ინდივიდუალურ და სოციო-ეკონომიკურ თუ კულტურულ მახასიათებლებს. კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მედიაკონტენტ ანალიზს და საქართველოში პირველად იყენებს ევროპული ფემიციდის მონიტორინგის (EOF) მეთოდოლოგიის რაოდენობრივ ინსტრუმენტს, რომელიც გამოავლენს მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც აქამდე არსებული ეროვნული მონაცემთა სისტემებით დაფიქსირებული არ ყოფილა (მაგალითად, დანაშაულამდე ინსტიტუციური ჩართულობა, მკვლელობა საჯარო სივრცეში, ფემიციდის მსხვერპლი ბავშვები, მიგრანტი ქალების მკვლელობა და სხვა).
აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს უფრო სიღრმისეულად შევისწავლოთ ფემიციდის გამომწვევი მიზეზები. EOF-ის მონაცემთა ბაზის შემთხვევების ანალიზი მიუთითებს საჭიროებაზე, სისტემატურად შეგროვდეს დამატებითი ინფორმაცია ფემიციდის შემთხვევების უკეთ გასაგებად და უფრო ეფექტური პრევენციული სტრატეგიების შესამუშავებლად.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალთა მკვლელობის პროპორციები — განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის და ინტიმური (ან ყოფილი) პარტნიორების კონტექსტში — შეესაბამება გლობალურ ტენდენციებს. ეს მონაცემები ხაზს უსვამს დანაშაულების გენდერულ ბუნებას და ასახავს ღრმად ფესვგადგმულ უთანასწორობასა და პატრიარქალურ კონტროლს.
კვლევა, ასევე, ასახავს 2021 -2022 წლებში ფემიციდის მიმართ მედიის მზარდ ყურადღებას, რაც ვლინდება ფემიციდის, როგორც სოციალური ფენომენის გაძლიერებულ გაშუქებაში, ტერმინ “ფემიციდის” ფართო გაგებასა და გამოყენებაში. მედიის ინტერესის პოზიტიური დინამიკა მეტწილად განპირობებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების პროექტებით.
კვლევა ხაზს უსვამს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, სანდო მონაცემთა შეგროვების, ძლიერი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების და კულტურული ცვლილებების აუცილებლობას გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში. ამ გზით ნაშრომი ხელს უწყობს გლობალურ დისკურსს ფემიციდზე და საფუძველს უყრის მომავალ კვლევებსა და ინტერვენციებს, რომელთა მიზანია გენდერული ძალადობის შემცირება.